понедельник, 16 апреля 2012 г.

NOსტალგია


      ალბათ დასაბამიდან როცა დავიწყე ფიქრი მქონდა განცდის, ტკივილის, მონატრების, სინანულის, ტანჯვის და უამრავი უმინშვნელო მიზეზი სევდისათვის, აღარ მახსოვს ზუსტად როდის გავიგონე სიტყვა ნოსტალგია და როდის დავარქვი ჩემს ზოგიერთი სახის ფიქრებს ნოსტალგიური.  თუმცა მაშინაც და ახლაც აწყობილი მხიარულების ბოლოს შემთხვევით თუ არა მაინც ვცდილობ განწყობის მაქსიმალურად საწინააღმდეგოდ შეტრიალებას.
    ნოსტალგია ყველა სეზონზე მაქვს, ვერ ვეგუები გარდამავალ პერიოდებს და სანამ კარგად დადგებოდეს ახალი სეზონი მანამდე წარსულზე ფიქრით ვცხოვრობ, ნოსტალგიური ვარ მაშინაც როცა რაღაცა კარგს ველოდები მაგალითად დღის სამ საათზე და უკვე პირველ საათზე სევდა მიპყრობს, რომ ჯერ მალე არ მოსული სამი საათისა, სწრაფად ჩაივლის ეს დრო და წინასწარ მენანება და მენატრება, ამიტომაც სასიამოვნო დღის პარალელურად დისკომფორტს ვგრძნობ იმის გამო, რომ დამთვარდება, მერე მომენატრება და სევდა მომეცემა (ცოტა ტკბილადაც). ყველაზე ადვილად ნოსტალგიურს მაინც ისეთი მუსიკისა და კომპოზიციის მოსმენა მხდის რაც უკვე ყოფილ დაუბრუნებელ დღეებს და დროს მახსენებს. 
      ჩემ ნოსტალგიას ჩემთან ცუდ შეგრძნებებზე მეტად ისეთი განწყობა მოაქვს არფერი რომ არ გესმის გარშემო მყოფებისაგან და რომ აღმოაჩენ კიდევ ერთხელ, რომ გარდა ფიზკურად არსებული სახლისა სადაც ცხოვრობ და რომლის აშენებისათვის აუცილებლად არის საჭირო ფული და სხვა ბევრი ძალისხმევა, ამის გარდა კიდევ ცხოვრობ შენს მიერ აშენებულ მყუდრო ბინაში და მიხვედრა იმისა რომ შენსდა გაუცნობიერებლად აღმოაჩენ საკუთარი თავში გაგაჩნია მყუდრო ბინა ნიშნავს, რომ შენ გაქვს სახლი, და მთავარია ის რომ ეს სახლი ფულით არ აგიშენებია. ასეთ სახლს კი ყოველთვის შეგიძლია მშვიდად შეაფარო თავი, თუნდაც ის შენს შიგნით არსებობდეს. მთავარია გქონდეს იგი.
       ფულით აშენებულ სახლთან კიდევ დიდი და თავისებური ნოსტალგია გამაჩნია, სახლი ზღვის ნაპირას იდგა და დღეში რამოდენიმეჯერ შეიძლებოდა მრავალფეროვანი სილურჯის ცვალებადობაზე ცქერა, სახლი დიდი იყო და მათ შორის ერთ ერთში ვიცხოვრე იმ ასაკში, რომელშიც დამოუკიდებლად ცხოვრებაზე ოცნებობენ ადამიანები, ეს საშინელი ნოსტალგიაა, რადგნ მასში შესვლა დღეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ვეღარასდროს შეხვალ მასში და ამაზე ფიქრი ისე მტანჯველია რომ ყოველი გახსენების დროს ამ ნოსტალგიას (თუ მიმავიწყდა რა თქმა უნდა) შეუძლია წნევის აპარატზე აჩვენოს 170-120, თითქმის ტკივილამდე მინდა და ალბათ სახლის კედლებსაც, კარადებსაც, ფანჯრებსაც,   რომ დამინახონ, ერთად გავიხსენოთ ჩვენი საერთო წარსულის ამბები,  ამ დრომდე მასში დამრჩა რამოდენიმე ნივთი, ალბათ მომეცემა საშუალება რომ გამოვიტანო, მაგრამ საინტერესო ამბებისა და სასიამოვნო დღეების გამოტანას ვერასდროს ვერ შევძლებ და არც არასდროს მომეცემა საშუალება ვეკონტაქტო მათზე სასაუბროდ სახლის ოთახებს. ამ სახლთან დაკავშირებული ნოსტალგია ერთ ერთმა ბანკმა კანონმდებლობით დამირეგულირა. ამიტომ ახლა ვიცი რომ კანონზომიერი ნოსტალგიაც არსებობს.
       ამასწინათ საუბარი ჩამოვარდა და რბილად მთხოვდნენ მეთქვა რაიმე ან საბჭოთა კავშირის ნოსტალგიაზე ან კიდევ 90 იან წლებზე. 
           მე არ მიცხოვრია საბჭოთა კავშირში, ჯერ ერთი იმიტომ რომ როცა იგი დაიშალა მე 5 წლის ვიყავი. ამ ასაკის ბავშვისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია რა ეპოქაში ცხოვრობს, მით უმეტს რომ სათამაშოებიც არ მაკლდა: ) არც თავისუფლება, არც მიგრძვნია საბჭოთა კავშირში რომ დავიბადე, მის შესახებ გამეგო მხოლოდ ერთი - ლენინი და ლექსი წითელ ვაშლზე. ზუსტად ვიცი უფრო მეტ ასაკში რომ მეცხოვრა იქ სადაც მერე რამდენადაც წავიკითხე და გავიგონე, დიდ ხანს მაინც ვერ ვიცხოვრებდი. სამაგიეროდ კარგად მახსოვს და მახსენდება საბჭოთა საბავშვო ბაღი, სადაც არამხოლოდ ბავშვები, არამედ ყველა მხიარული იყო. არავინ დაიჯერებს მაგრამ ჩემი მეხსიერებით ამ ბაღის ეზოში ყვავილებიც კი იღიმოდნენ, (ისინი ძალიან მოვლილები იყვნენ), მაგრამ ეს ალბათ უფრო ბავშვობის ტკბილად გახსენებაა ვიდრე იმ ეპოქის. ყოველ შემთხვევაში 1984 წლიდან 1989 წლის ჩათვლით ვცხოვრობდი საბჭოთა კავშირში, 1986 წლიდან კი ვმოღვაწეობდი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საბავშვო ბაღში აღსაზრდელის თანამდბობაზე   : )
მერე 90 იანი წლები იყო უფრო ღრმად კი საბჭოთა ნაშთის წლები, რომლის ფიქრით დაბრუნებაც  კი არაფრით არ მინდა, არაიმიტომ რომ მთელ ქვყანაში ასეთი განწყობა იყო, არამედ სხვა მიზეზებით, 90-იან წლებში გვქონდა 10-15 წლის სათამაშოები, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყო შელახული როცა ისინი თურქულებმა შეცვალეს. სამაგიეროდ ჩხირზე წამოცმულ წითელ მამალს ვეღარსად ნახავდი, ან თუ იპოვიდი სადმე მას აღარ ქონდა ის გემო, როგორც დღეს არსებობს მრავალი სახის ”ბუბლიკები” და არა ისეთი გემრიელი როგორც მაშინ, ავტოსადგურში რომ იყიდდი თოკზე ასხმულს და ყელსაბამივით გაიკეთებდი.
        მახსოვს მაშინდელი ქორწილებიც, რა თქმა უნდა მათი უმეტესობა ეზოებში იმართებოდა, არ ვიცი შეიძლება მაშინ ბავშვი ვიყავი და მხიარული მეჩვენებოდა ყველაფერი და ”დედოფალიც” ყველაზე საოცნებო სანახავი იყო ადრეული ასაკის ბავშვისათვის, თუმცა ღრმად მახსოვს ადამიანების სიხარული გაცილებით მეტი იყო ვიდრე ეს შეინიშნება თანამედროვე ქორწილებში, ალბათ 4 წლის ვიქნებოდი ერთ ერთ ასეთ ქორწილს რომ დავესწარი, მიუხედავად პატარა ასაკისა, მახსოვს ბევრი სიტყვა ”კამერაზე”, მერე კიდევ უფრო აღფრთოვანებით საუბრობდნენ ვიდეოს გამოგონებაზე, როცა ქორწილი რამოდენიმე დღის შემდეგ თავიდან ჩატარდა ”” ”ახალი ტექნიკის” მეშვეობით. მაშინ დედოფლებს სიძეები ’მიხაკებს’ ჩუქნიდნენ და პატარძლებსაც მთელი ქორწილის განმავლობაში მიხაკები ბავშვივით დაწვენილი ქონადთ ხელებზე. ბოტანიკური ბაღი და მით უფრო გონიოს ციხე რა თქმა უნდა მაშინაც იყო, სამაგიეროდ არ იყოს ბენზეს კულტურის ცენტრის შუშებიანი შენობა, მაგრამ იყო ეგრეთწოდებული უნივერმაღი, რომლის მიმდებარედ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალურ ობელისკთან ”ვეჩნათ” ენთო ცეცხლი და რატომღაც ნეფე პატარძალი მიდიოდნენ აღნიშნულ ობელისკთან და პატარძალი ისედაც მცირე რაოდენობის მიხაკებიდან ცოტაოდენს აკლებდა და ”ვეჩნი ოგონთან” აწყობდა. 
         კიდევ ათმანეთიანების ფერი მახსოვს და შეგრძნება, რომ ცოტა ბევრს წარმოადგენდა მისი ერთი ცალიც და ბოლოს და ბოლოს შეგეძლო საოცნებო ფერად ზოლტიანი პატარა თეთრ ქუსლიანი სასიარულოდ მეტად ხმაურიანი ”ქოშები” გეყიდა მახინჯაურის უნივერმაღში. 
          რადგან არ იყო ქობულეთთან დამაკავშირებელი გვირაბი, იყო მახინჯაურის ”პერევალები”, სადაც  არ დადიოდა თურქული ტრაილერები, მხოლოდ საბჭოთა მანქანები საბჭოთა ნომრებით, ამ გზაზე ჩემს ყურადღებას ორი რამ იქცევდა, სარკე რომელიც ეხლაც არის და ერთ ერთი სახლის აივანზე სტალინის ბიუსტი, რომელმაც არ ვიცი შეიცვალა თუ არა ადგილი. მომწონს ის ფაქტი რომ მაშინ გვირაბი არ იყო და იყო აღმართები და დაღმართები საიდანაც ჩანდა ყველაფერი მთავარი იყო მანქანაში ჩაჯდომისაც შენი გაგეტანა და ფანჯარასთან მოხვედრილიყავი. გვირაბიდან კი ვერაფერს დავინახავდი.
კიდევ ბევრი რამე იყო შთამბეჭდავი, მაგრამ კაფეებიდან ყველაზე მეტად დღევანდელი ”ლა ვიტას” კაფე იყო შიგნით ყველაზე ოქროსფერი და სარკეებიანი, მე ისე მომწონდა რომ ცხელი ნაყინი რომ არ ყოფილიყო ამ კაფეში, მაინც გავჩერდებოდი მთელ დღეს. (მაგის შემდეგ თბილი ნაყინი აღარ მიჭამია).
სადღაც საბჭოთა კავშირისა და 90 იანი წლების შუალედში გაჩნდა ხშირად გამოყენებადი სიტყვა ”კომისიონი” და ”კომისიონერი”. მასში უბრალო შემოსავლების ადამიანების შესვლას აზრი არ ქონდა, ყოველშემთხვევაში ასე მახსოვს.
         სერიოზული განცდა მქონდა აფხაზეთში მცხოვრებ ჩემს ტოლებზე, და ეს ბავშვური ნერვიულობა წარმოიშვა და აფხაზეთის ომმა ჩემემდე ასე მოაღწია, როცა რამეს დავაშავებდი ბებიაჩემი მეტყოდა აფხაზეთში ბავშვები ომში, სიცივეში, მშივრები ცხოვრობენ და მუდმივად შიშში არიან, ზოგიერთ მათგანს მშობლებიც დაეღუპათო. ამ ამბავს განვიცდდი შინაგანად, უთქმელად, სხვანაირად. 
        90 წლების დაწყებასთან არის დაკავშირებული ჩვენი სოფლისათვის ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სევდიანი ამბავიც, სოფელი დრო და დრო იცლებოდა ყველაზე ხალისიანი ეთნოსით, მართალია არცერთ მათგანს მკერდზე არ ეწერა ”ელადა”, მაგრამ თითქმის ერთი მეორის მიყოლებით ტოვებდნენ ბერძნული ოჯახები საქართველოს და ყოველი ოჯახის გამგზავრება სოფლისათვის იყო დიდი ტკივილი და გლოვა, მახსოვს როგორ ეფერებოდნენ ისინი თავიანთი სახლის კედლებს, კოცნიდნენ და ცრემლებით ავსებდნენ იმდენი წლის შრომით ამოყვანილ კედლებს რომლებიც სამუდამოდ უნდა მიეტოვებინათ.
       ვიღაც იტყვის კიდევ დაკარგული თაობა ვართ და ყველაზე რთულ პერიოდში მოგვიწია ცხოვრებაო, ამიტომაც ვერ მოვიწყეთ და არ გვაქვს დღეს ჩვენი კუთხეო. მე კიდევ ვფიქრობ რომ, სწორედ ცხოვრებას ლამპის შუქზე, ეგრეთ წოდებული ”დვიჟოკების” გაუთავებელ ხმაურს, მაშინ როცა 100 ოჯახში ნავთის ფული არა აქვთ, და ვიღაცის ერთი სახლიდან სოფლის გაჭირვებულ მყუდროებას არღვევეს სხვისი ფუფუნება. ”კერასინკაზე” დადგმულ სადილზე ლოდინს, შაქრისგან გაკეთებულ ”კარამელებს”, დიდი ხნის ნაოცნებარ და ახდენილ ოცნებებს თურქულ სათამაშო ”ცისარტყელაზე”, ”ჯინსის სარაფნებზე”, ბიჭების ფიქრს ”თმის ჟელეს” ეკონომიურ გამოყენებაზე, გახუნებული ესპადრელების ტარებას, დერმანტინის ტყავის ქურთუკებს და ტუფლებს, 5 000 მანეთის ქონას, რომელსაც სინამდვილეში ქონდა მაშინ დღევანდელი 5 ლარის ფასი, უფულო და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი კუპონების მფლობელი მილიონერი ადამიანების არსებობას, დაუსრულებელ ”საპნის ოპერებს”, უტრანსპორტობას, უკანონობას, უინტერნეტობას, უსილქნეტობას, პალსეკამის ტელევიზორებს, ჰიტაჩის ვიდეო აპარატურაში იგივე ”პრისტავკაში” შეგდებულ ნათხოვებ ”კასეტას” რომელიც გადახვევა გადმოხვევით აუცილებლად ჩაიხვევდა და მერე აზრი არ ქონდა პატრონისათვის ახსნას, იმიტომ რომ თითქოს უძვირფასეს საგანძურს წარმოადგენდა, კასეტა რომელზეც საშინელი გახმოვანებით იყო ჩაწერილი ”ბოევიკი”,  დაბრუნებამდე დარდით ღამის გათევას, უხარისხო მაგრამ საოცნებო საგნად ქცეული კოდაკის აპარატების ქონას და სხვაზე თხოვების ნერვიულობას, რუსული ესტრადის ვარსკვლავების პირველ ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტებს ბათუმში, ასეთ პირობებში და ხელმოცარულ ოჯახებში გამოვლილ თაობებს უფრო მეტი შანსი ქონდათ ეფიქრათ თუ რა არის რეალურად ცხოვრება და დღეს ყოფილიყვნენ წელ გამართულები. ჩემის აზრით ეს იყო დრო ყველაზე გრძელვადიანი ”ტრენინგებისა”, მიზნით : ადამიანების რეალისტებად ჩამოყალიბებისათვის.
         და მაინც მიუხედავად იმისა, რომ ნოსტალგია მჭირდება ხანდახან, რომ არ დამავიწყდეს წარსული, მაინც noსტალგია. იმიტომ რომ ფიქრს იმაზე რაც იყო და როგორც იყო, სჯობს დროის გამოყენება რა იქნება და როგორ იქნება, რა უნდა გააკეთო. რადგან წარსულში უფრო მეტი დრო გვაქვს დახარჯული ფიქრში ვიდრე მოქმედებაში, და რამდენსაც ხშირად იქნები ტკივილიან, მონატრებულ განწყობაზე იმდენჯერ დაიკარგები! 
       მენატრება მხოლოდ წარსული ადამიანები და დრო, რომელიც ისე დაიხარჯა უმეტესწილად, რომ ვერაფერს მოიგონებ, და თუ მოიგონებ აღმოჩნდება რომ მომავალში ფუჭად დაკარგავ დროს, წარსულის მოგონებებისათვის გადანაწილები.

ამიტომაც NOსტალგია!


четверг, 23 февраля 2012 г.

მითხრა, რომ მაღმერთებდა და იმიტომ არ დამაინტერესაო...


         დამაფიქრა, მივხვდი რომ ნაწილობრივ მასე შეიძლება იყოს... შინაგანად მეც ვფიქრობდი ასე, თუმცა საბოლოოდ მან გამხადა მზად მყოფი, რომ ამაზე თამამად მეფიქრა.
        არ უნდა გაღმერთებდეს...ერთადერთი გატაცების წყარო შენ არ უნდა იყო არასდროს, შენს გარდა გარე სამყაროსაც უნდა ხედავდეს... იმიტომ რომ ნებისმიერ გატაცებას ახლავს გავლა, ადრე თუ გვიან ოღონდ აუცილებლად ახლავს... ტკბილი სიზმრიდან გამოღვიძება უფრო მტკივნეულია, ვიდრე გაგეღვიძოს ჩვეულებრივი სიზმრიდან. 
        ის რაც უნდა ვთქვა, ის რისი მოსმენაც ვეჭვობ რომ შეგიძლია, ის გზა რაც ჩაკეტილია, როდის გაიხსება? ჩემთვის არ არის რთული სხვას მოვუსმინო, ჩემთვის რთულია რჩევის მიცემა...

        უნდა ვთქვა, ამოვღერღო, ავმოქმედდე, ავმუშავდე, ავფეთქდე, ამოვისუნთქო, ავმოძრავდე,  ამოვიდე, საკუთარი თავიდან ამოვმისამართდე, გავნაწილდე, ძალები სურვილებივით მოვიზიდო, გავძლიერდე, გამოვცნობიერდე, სიცოცხლე მოვასწრო...
           
         სურვილი მაქვს ერთი - საკუთარ თავთან მშვიდი და დადებითი მინდა ვიყო, სულ მინდა ბევრი სათქმელი მქონდეს, რამდენად ვიტყვი არ მაღელვებს, მინდა მქონდეს სათქმელი... 

         ღმერთმა მინდა განსასჯელი სხვისი საქციელების განსჯის უნარი მომაკლოს... 


пятница, 23 декабря 2011 г.

მგონი პირველად ვარ ასე დადებითად აჟიტირებული დაბადების დღის გამო...


ისევ გზაში ვარ... აქამდე 27 წელი მოვდიოდი, 28-დე 27-ში კიდევ ერთ წელიწადს დავრჩები.
    ახლა ვფიქრობ რომ არფერი არ გადამიფასებია, თუმცა 27 წელიწადი დიდი დროა იმისტვის, რომ რაღაცები გადააფასო.
   ხმაურს არ ვაპირებ ამ წელიწადში, თუმცა მინდა ვიმოძრაო, ოღონდ ჩუმად!
   ვგძნობ, ვემოციობ, მიყვარს, ვუთანაგრძნობ, ვიხსენებ, მავიწყდება, დავიწყებული მახოვს, დეტალებს აღარც ისე ვფილტრავ, როგორც ადრე, უსიტყვოდ ვქილიკობ სხვის ქილიკზე და საქციელზე, იმდენ კომენტარს აღარ ვაკეთებ როგორ ადრე, ტუმცა ვერ ვიტყვი რომ იგივე საკითხები არ მაღელვებდეს.
   ინგლისური ისევ არ ვიცი სრულყოფილად, ჩემს სკოლას ისევ ყველა დღე ვხედავ...
   ვნანობ ისევ უმნიშვნელოდ და ისიც მაშინ თუ შუაღამით გამეღვიძა....
   უფრო მეტს ვიცნობ, უფრო მეტი მაცნობს სინამდვილეში როგორია...
   ქუჩაში ნაპოვნი ფულის აღების სურვილი ისევ არ მაქვს...
   ისევ ვწითლდები ოღონდ ახლა უკვე ზოგჯერ, ისევ ვმორცხვობ და ისევ ისეთ სიტუაციაში, რასაც არ უხდება სიმორცხვე, სითაამე ისევ მაკლია...
   ისევ ვერ ვიღვიძებ დილის 9 საათამდე, ისევ სულ ყველგან და ყველაფერში მაგვიანდება.
   ისევ დიდი ხანია არ მინახავს მონატრებული ადამიანები...
   ისევ მგონია, რომ დიდი აზრი მაინდამაინც არა აქვს ამ ცხოვრებას სიკვდილის მიზეზის გამო და ამის საფუძველზე დიდი აზრი მხოლოდ აქვს ნებისმიერ სიამოვნებას  რასაც მოასწრებ.
   ისევ არფერი გამაჩნია უძრავ-მოძრავი ჩემს გარდა: ) ) 
   ისევ ეგოისტი ვარ, მხოლოდ ერთ საკითხში - რომ პირველი მე უნდა მოვკვდე, რომ არ ვნახო სინამდვილეში, როგორ მოვკვდები უახლოესი ადამინის გარდაცვალების გამო.
 ისევ შემიძლია ადრე გაზაფხულზე დავდგე რომანტიკულ განწყობაზე, როცა სიმწვანეში სიარულით დავცურავ...
   ისევ დიდი სურვილი მაქვს ელის გამართლებული  სიყვარულის ელოდებოდეს...
   ცვლილება ერთი:
უკვე ნახევარი წელია, რაც შული მქვია, ჩემმა გიორგიმ მომიფიქრა ასე და დამიძახა ...
   ისევ ვერ გავეცი ამ დრომდე კითხვებს პასუხები...
 ყველაზე მეტად ისევ მოცარტი მაღელვებს...
ახლა კიდევ უფრო მეტდა მიყვარს ის ადამიანი ვის თვალებზეც მინახავს ყველაზე მეტი ცრემლი...
- თავისუფალ დროს რას ვაკეთებ?
- წიგნებს არ ვკითხულობ :)))
- ჩემი სამგზავრო ჩემოდანი თბილისი-ლონდონი რა ფერის იქნება?
- ოცნებისასრულებისფერი! :)) და მალე

ახალ წლამდე კიდევ ჩემი ახალი წელი მოვიდა :)))






   






















среда, 14 декабря 2011 г.

მეცოდინება როდესმე? :)))

   : )
   მინდა გავიქცე, აქიდან მინდა წავიდე...ადამიანები მთელი ცხოვრება ხომ ქვეცნობიერად ვფიქრობთ, რომ მაინც გვიწევს წასვლა, მაშინ ნუ გიკვირს არ იცის რა უნდა და სად უნდა რომ იყოსო. 
  ამ გზაზე ერთიდაიგივე ხედები მომწყინდა, რა ქნან ამ ხედებმაც, თვითონაც იციან რომ მოსაწყენები გახდნენ ერთიდაიგივე მგზავრებისათვის.
  რა ვქნა, რომ ცხოვრების გეგმა არ მაქვს, რა ვქნა, რომ მქონდა და გადავუხვიე
  დღესაც მოვისმენ ბევრ ტყუილს, რა ვუშველო, რომ ამჟამადაც შეჩვეულივით არ გავსცემ პასუხს და დავბრკოლდები.
 რა ვქნა, რომ მეც მომიწევს არაგულწრფელი საუბარი. რა ვქნა, რომ ხმაური აღარ მაღელვებს. რა ვქნა რომ ვერაფერს ვასწრებ ამ  ცხვორებაში, რა ვქნა თუ წინასწარ ვიცი, რომ მოსწრების შემთხვევაშიც აზრს ვერ დავინახავ.
  რა ვქნა, რომ რეაქციები აღარ მაქვს და მიზეზის სახით ვიმედოვნებ, რომ არ ვარ ქიმიური და ამიტომ: )
 რა ვქნა, რომ სიცივის სუსხს სირბილის გარდა ვერაფრით ვებრძოლები. რა ვქნა თუ კონტროლირებადი გავხდი..
 რა ვქნა თუ ცუდად გამომივიდა მეთქვა შენთვის, მე ხომ ვიგრძენი იმ წუთში კმაყოფილება... 
 რა ვქნა თუ დღემდე ვერ გამირკვევია, რომელი ჯობს გიყვარდეს და არ იცნობდე თუ კარგად იცნობდე და ნაკლებად გიყვარდეს...
 რა ვქნა თუ როცა სათქმელი მაქვს ყველაზე საუკეთესო მსმენელს მხოლოდ საკუთარ თავს ვპოულობ....
         რა ვქნა ამ ცხოვრებაში : )) )) )))










вторник, 22 ноября 2011 г.

ბედნიერი ვარ რომ არ ვნანობ და მსიამოვნებს ამაზე ფიქრი...

აბა მეტი რას უნდა ნიშნავდეს ბედნიერება თუ არა სასიამოვნო დეტალების ერთობლიობას... ვყავარ ზუსტად ისეთი როგორიც ვარ და არ ვფიქრობ, არ ვამოწმებ აზრებს და ქცევებს, არ ვუფიქრდები სიტყვებს როგორ უნდა ველაპარაკო, ყოველგვარი თავის მოწონებისგან თავისუფალი ვარ...

მასთან საკუთარ თავთან რომ ვარ იმაზე მეტად თავისუფალი რომ ვარ ეს მსიამოვნებს... რომ არ ვმალავ მეს და იმას რომ არ ვუმალავ სინამდვილეში ზოგჯერ როგორიც არ მომწონს საკუთარი თავი...

ისეთი რომ არის სხვას რომ ვერ აღაფრთოვანებს შემდეგ შეძენილი ღირებულებებით და მე რომ ვგრძნობ რომ ზუსტად ადამიანთან რომ მაქვს ურთიერთობა. სხვა რაღაცებით რომ არ ვაფასებ და მხოლოდ ადამიანი მიყვარს... სხვაგან არსად გაგონილით და წაკითხულით რომ არ არის ასეთი და თავისთავად რომ ასეთია.

ისიც მსიამოვნებს უმცირესობაში რომ ვარ... მე რომ ვიცი იმ უმცირესობაში! და მე რომ არ ვგავარ იმ სხვებს ადამიანების სხვადასხვა კუთხით დაყოფა რომ უყვართ... ამ კუთხეზე ხაზის გასმა რომ უყვართ...

დიდი ხანი ხომ არ არის გასული მას შემდეგ რაც გავიგე კოსმოსიდან სახელმწიფოების საზღვრები სულ არ მოსჩანსო.. იქედან ვერც ადამიანების წარმოშობას გაარკვევო...

მე ბევრი არ დამჭირვებია ამის გადასალახად... სხვებს ეს საკითხი მთელი ცხოვრება აწვალებთ..

ან ეს რა საკითხია ისეთი რომ ამის გამო ჩემს ფიქრებზე უარი მეთქვა...

ან ეს რა არის იმასთან როცა იცი რომ სულ მოგისმენს, ყველანაირს აგიტანს... არაფრით და არასდროს იქნება გამაღიზიანებელი... სულ ეყვარები ისე რომ არ ჩათვლის საჭიროდ დამატებითი საშუალებებით გამოხატოს, მე ხომ ვიცი როგორია, როგორ იღიმის, როგორ განიცდის, როგორ მიყურებს, ტკივილს როგორ ითმენს, როგორ არ იმჩნევს...ზრუნავს...

მსიამოვნებს რომ არავის ვადარებ, არ ვიტანჯები სხვებთან შედარების განცდებით. ის სხვა რომ არ გავს მას ეს მახარებს.

როგორი თბილია მაშინაც როცა მის ადგილზე ყინულივით და ხმაურით დავაბრუნებდი ყველა გაცემულ გრძნობას. როგორ ითმენს უიმედობას. როგორ ჯერავს იმისაც კი რაც არა აქვს, ვინც არ ყავს...

როგორ არა აქვს არცერთი აკრძალვა... როგორ ვეიმედები...

როგორ ერთად ვართ და მაინც ერთადყოფნაზე ვოცნებობთ... როგორ არ გადის ეს დღეები მის გარეშე და მაინც ის ვისაც შევხვდები კიდევ ერთხელ ამ სამყაროში თვითონ არის.

მაინც ვერ ვხსნი იმას თუ როგორ და რატომ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერის პატიება შეუძლია...

22.11.11

вторник, 8 ноября 2011 г.

понедельник, 7 ноября 2011 г.

telekomi The End