вторник, 16 октября 2018 г.

შინაგანი ხმა


      ზოგჯერ ისე აეწყობა, მგონია რომ ადამიანები ერთმანეთთან საუბრისთვის არ გაჩენილან, სხეული ისე ეშვება სიტყვების ძალას კარგავ და უცნაურია განცდა, რომელიც სიმშვიდის სიძლიერეს შემოაქვს შენში.
ეს არ არის პროტესტი საკუთარ თავთან, არც იმის შეგრძნება რომ დინებას მიყვე, არც გაუცხოება, ეს არის რაღაც ახლისთვის დაწყებისთვის მომზადება, რასაც შენი აქამდე არარეალიზებული ენერგიის წყალობით შექმნი.
       ეს არ არის დეპრესია, არც შინაგანი სამყაროს გამოფიტვა, შენ ადამიანი ხარ და განახლება გჭირდება. შენ არ გყოფნის ის ქიმიური პროცესები რაც შენ ორგანიზმში მიმდინარეობს, შენ არ ხარ მანქანა, არც რობოტი, და არც სხვისი დაპროგრამებული არსება გინდა იყო.

пятница, 12 октября 2018 г.

უბრალოდ


       საკუთარი ბედნიერების შექმნაში დიდი ხანია წვლილი არ შემიტანია, არ მიბრძოლია. „ვინც მოითმენს, მოიგებსო“, ბოლო დროს ამ გამოთქმაზე ვფიქრობ, სულ მაინტერესებდა მაინც რა სახის მოთმინებას ეხება, მაგრამ ერთი კი ფაქტია, ყველაფერზე და მნიშვნელოვანზე მგონი არ უნდა მუშაობდეს ეს გამოთქმა. თუმცა, ხანდახან იმაზეც ვფიქრობ, როცა მართლა იყო საჭირო მაშინ ხომ არ ვიყავი მოუთმენლობის ხასიათზე და როცა საჭირო არაა უამრავ არასაჭირო რამეს ვითმენ. რატომ ვითმენ? რას მინდა რომ მივაღწიო? მოუთმენლობის სიკეთე ხომ არ აღემატება ამ შემთხვევაში მოთმინების სიკეთეს? საკითხავია.
       ბოლო დროს ღიაობაზეც ვფიქრობ და იმაზეც, წარსულში როგორ ვიცავდი ამისგან თავს. სურვილი არ მქონდა სხვებთან მელაპრაკა ჩემ ემოციაზე, შეხედულებებსა თუ ოცნებებზე. თუ ჩემი შეფასებით ცოტა მეტის თქმა მომივიდოდა საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ვფიქრობდი, რომ თითქოს რაც უკვე ითქვა იმას შინაგანი, ძლიერი ემოცია აღარ ექნება. მეგონა თუ ერთხელ ვიტყოდი, დავცარიელდებოდი, სიცარიელის მეშინოდა. და ასე ვინახავდი საკუთარ ფიქრებს წლების განმავლობაში, როცა ამბობენ, რომ სასიკეთოა შინაგანი ემოციისგან დაიცალოს ადამიანი. მე კი მეგონა რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოაკლდებოდა ჩემ პირად სამყაროს, იმით თუ გადავწყვიტავდი, რომ გამეთქვა. დღეს, როცა საკუთარ თავს შევნიშნე, რომ ლაპარაკი დავიწყე და მათ შორის იმ ემოციებზეც, რასაც წლების განმავლობაში სათუთად ვინახავდი, აღმოვაჩინე რომ მათზე უფრო იდეალიზებულად ვყვები, მათგან ყველაზე მტკივნეულ ნიუანსებსაც ზღაპრულ, ლამაზ ამბებად ვახმოვანებ. თითქოს არაფერი მომხდარა ისეთი, რითაც იმედი დამიკარგავს, რაც არასასიამოვნო იყო, რაც იყო და რაც აღარ იყო. თითქოს ჩემი ამბები შუაში იმიტომ წყდება, რომ არასდროს დავასრულო მათზე ფიქრი, იმიტომ რომ ამ ამბებიდან ცუდები დროს გაექრო და მხოლოდ ლამაზად სახსოვარი დეტალები დარჩენილიყო. ზოგჯერ, მოყოლისას, შემიმჩნევია როგორ გამოვდივარ საკუთარი თავიდან, გვერდით ვჯდები და სხვებთან ერთად ვუსმენ ჩემი შინაგანი გოგოს ხმას. ვუსმენ და მომწონს, რომ გაგრძელება ბევრ ლამაზ ისტორიას რეალურ დროში უბრალოდ არ აქვს, იმიტომ რომ გაგრძელება ნიშნავს დასასრულს.