пятница, 20 апреля 2012 г.

პასუხის გარეშე


   არ მინდა ვიფიქრო იმაზე, რომ ეს ყველაფერი ეფემერულია, იმიტომ რომ ეს ისე დამაცარიელებს, რომ საბოლოოდ დავკარგავ ნებისმიერ ემოციას, ვეღარასდროს შევივსები, იმიტომ რომ ბევრჯერ დავცარიელდი.
    ჩემი თავისუფალი აზროვნება და ჩემი ცხოვრების წესი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაგრამ ორივე ჩემია, ამიტომაც არ გამაჩნია პრინციპი ამ საკითხში, ორი პრინციპი ხომ არ მექნება? პრინციპი ერთი უნდა გქონდეს, რომ შეძლო მისი დაცვა და განმტკიცება.
    მეც შენსავით  ვფიქრობ, მაგრამ მე სხვებზეც ვფიქრობ, და კიდევ დღემდე სულიერად უფრო წმინდა გრძნობებს ვანიჭებ უპირატესობას.
    მაინც რამდენჯერ შეიძლება ცხვირში და ყელში ერთდროულად გადაგეკეტოს?
    მაინც რამდენჯერ შეიძლება დაცარიელდე?
    მაინც სადამდე შეიძლება გჯეროდეს და არ გინდოდეს დაჯერება, რომ აბსტრაქციამდე არსებობს რეალობა და ამ რელობას მოტივად ათასი მოძღვრება, ტრადიცია, ადათი, წესჩვეულება და ღირებულებები ახლავს.
     მაინც რამდენჯერ შეიძლება შენიშნო რომ  ლუზერობაში ისე როგორც არფერში ხშირად აკეთებ განახლებებს...
  
     თუ არ ცდილობ ცოდნის გაღრმავებას,ხომ შეიძლება რაც იცი ის მაინც არ დაგავიწყდეს.
    
   მაინც რამდენჯერ შეიძლება ჩამოუშვა ფარდა აპლოდისმენტების გარეშე?
  
 პასუხები მხოლოდ შემთხვევებმა და სიტუაციებმა იციან!
 

понедельник, 16 апреля 2012 г.

NOსტალგია


      ალბათ დასაბამიდან როცა დავიწყე ფიქრი მქონდა განცდის, ტკივილის, მონატრების, სინანულის, ტანჯვის და უამრავი უმინშვნელო მიზეზი სევდისათვის, აღარ მახსოვს ზუსტად როდის გავიგონე სიტყვა ნოსტალგია და როდის დავარქვი ჩემს ზოგიერთი სახის ფიქრებს ნოსტალგიური.  თუმცა მაშინაც და ახლაც აწყობილი მხიარულების ბოლოს შემთხვევით თუ არა მაინც ვცდილობ განწყობის მაქსიმალურად საწინააღმდეგოდ შეტრიალებას.
    ნოსტალგია ყველა სეზონზე მაქვს, ვერ ვეგუები გარდამავალ პერიოდებს და სანამ კარგად დადგებოდეს ახალი სეზონი მანამდე წარსულზე ფიქრით ვცხოვრობ, ნოსტალგიური ვარ მაშინაც როცა რაღაცა კარგს ველოდები მაგალითად დღის სამ საათზე და უკვე პირველ საათზე სევდა მიპყრობს, რომ ჯერ მალე არ მოსული სამი საათისა, სწრაფად ჩაივლის ეს დრო და წინასწარ მენანება და მენატრება, ამიტომაც სასიამოვნო დღის პარალელურად დისკომფორტს ვგრძნობ იმის გამო, რომ დამთვარდება, მერე მომენატრება და სევდა მომეცემა (ცოტა ტკბილადაც). ყველაზე ადვილად ნოსტალგიურს მაინც ისეთი მუსიკისა და კომპოზიციის მოსმენა მხდის რაც უკვე ყოფილ დაუბრუნებელ დღეებს და დროს მახსენებს. 
      ჩემ ნოსტალგიას ჩემთან ცუდ შეგრძნებებზე მეტად ისეთი განწყობა მოაქვს არფერი რომ არ გესმის გარშემო მყოფებისაგან და რომ აღმოაჩენ კიდევ ერთხელ, რომ გარდა ფიზკურად არსებული სახლისა სადაც ცხოვრობ და რომლის აშენებისათვის აუცილებლად არის საჭირო ფული და სხვა ბევრი ძალისხმევა, ამის გარდა კიდევ ცხოვრობ შენს მიერ აშენებულ მყუდრო ბინაში და მიხვედრა იმისა რომ შენსდა გაუცნობიერებლად აღმოაჩენ საკუთარი თავში გაგაჩნია მყუდრო ბინა ნიშნავს, რომ შენ გაქვს სახლი, და მთავარია ის რომ ეს სახლი ფულით არ აგიშენებია. ასეთ სახლს კი ყოველთვის შეგიძლია მშვიდად შეაფარო თავი, თუნდაც ის შენს შიგნით არსებობდეს. მთავარია გქონდეს იგი.
       ფულით აშენებულ სახლთან კიდევ დიდი და თავისებური ნოსტალგია გამაჩნია, სახლი ზღვის ნაპირას იდგა და დღეში რამოდენიმეჯერ შეიძლებოდა მრავალფეროვანი სილურჯის ცვალებადობაზე ცქერა, სახლი დიდი იყო და მათ შორის ერთ ერთში ვიცხოვრე იმ ასაკში, რომელშიც დამოუკიდებლად ცხოვრებაზე ოცნებობენ ადამიანები, ეს საშინელი ნოსტალგიაა, რადგნ მასში შესვლა დღეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ვეღარასდროს შეხვალ მასში და ამაზე ფიქრი ისე მტანჯველია რომ ყოველი გახსენების დროს ამ ნოსტალგიას (თუ მიმავიწყდა რა თქმა უნდა) შეუძლია წნევის აპარატზე აჩვენოს 170-120, თითქმის ტკივილამდე მინდა და ალბათ სახლის კედლებსაც, კარადებსაც, ფანჯრებსაც,   რომ დამინახონ, ერთად გავიხსენოთ ჩვენი საერთო წარსულის ამბები,  ამ დრომდე მასში დამრჩა რამოდენიმე ნივთი, ალბათ მომეცემა საშუალება რომ გამოვიტანო, მაგრამ საინტერესო ამბებისა და სასიამოვნო დღეების გამოტანას ვერასდროს ვერ შევძლებ და არც არასდროს მომეცემა საშუალება ვეკონტაქტო მათზე სასაუბროდ სახლის ოთახებს. ამ სახლთან დაკავშირებული ნოსტალგია ერთ ერთმა ბანკმა კანონმდებლობით დამირეგულირა. ამიტომ ახლა ვიცი რომ კანონზომიერი ნოსტალგიაც არსებობს.
       ამასწინათ საუბარი ჩამოვარდა და რბილად მთხოვდნენ მეთქვა რაიმე ან საბჭოთა კავშირის ნოსტალგიაზე ან კიდევ 90 იან წლებზე. 
           მე არ მიცხოვრია საბჭოთა კავშირში, ჯერ ერთი იმიტომ რომ როცა იგი დაიშალა მე 5 წლის ვიყავი. ამ ასაკის ბავშვისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია რა ეპოქაში ცხოვრობს, მით უმეტს რომ სათამაშოებიც არ მაკლდა: ) არც თავისუფლება, არც მიგრძვნია საბჭოთა კავშირში რომ დავიბადე, მის შესახებ გამეგო მხოლოდ ერთი - ლენინი და ლექსი წითელ ვაშლზე. ზუსტად ვიცი უფრო მეტ ასაკში რომ მეცხოვრა იქ სადაც მერე რამდენადაც წავიკითხე და გავიგონე, დიდ ხანს მაინც ვერ ვიცხოვრებდი. სამაგიეროდ კარგად მახსოვს და მახსენდება საბჭოთა საბავშვო ბაღი, სადაც არამხოლოდ ბავშვები, არამედ ყველა მხიარული იყო. არავინ დაიჯერებს მაგრამ ჩემი მეხსიერებით ამ ბაღის ეზოში ყვავილებიც კი იღიმოდნენ, (ისინი ძალიან მოვლილები იყვნენ), მაგრამ ეს ალბათ უფრო ბავშვობის ტკბილად გახსენებაა ვიდრე იმ ეპოქის. ყოველ შემთხვევაში 1984 წლიდან 1989 წლის ჩათვლით ვცხოვრობდი საბჭოთა კავშირში, 1986 წლიდან კი ვმოღვაწეობდი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საბავშვო ბაღში აღსაზრდელის თანამდბობაზე   : )
მერე 90 იანი წლები იყო უფრო ღრმად კი საბჭოთა ნაშთის წლები, რომლის ფიქრით დაბრუნებაც  კი არაფრით არ მინდა, არაიმიტომ რომ მთელ ქვყანაში ასეთი განწყობა იყო, არამედ სხვა მიზეზებით, 90-იან წლებში გვქონდა 10-15 წლის სათამაშოები, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყო შელახული როცა ისინი თურქულებმა შეცვალეს. სამაგიეროდ ჩხირზე წამოცმულ წითელ მამალს ვეღარსად ნახავდი, ან თუ იპოვიდი სადმე მას აღარ ქონდა ის გემო, როგორც დღეს არსებობს მრავალი სახის ”ბუბლიკები” და არა ისეთი გემრიელი როგორც მაშინ, ავტოსადგურში რომ იყიდდი თოკზე ასხმულს და ყელსაბამივით გაიკეთებდი.
        მახსოვს მაშინდელი ქორწილებიც, რა თქმა უნდა მათი უმეტესობა ეზოებში იმართებოდა, არ ვიცი შეიძლება მაშინ ბავშვი ვიყავი და მხიარული მეჩვენებოდა ყველაფერი და ”დედოფალიც” ყველაზე საოცნებო სანახავი იყო ადრეული ასაკის ბავშვისათვის, თუმცა ღრმად მახსოვს ადამიანების სიხარული გაცილებით მეტი იყო ვიდრე ეს შეინიშნება თანამედროვე ქორწილებში, ალბათ 4 წლის ვიქნებოდი ერთ ერთ ასეთ ქორწილს რომ დავესწარი, მიუხედავად პატარა ასაკისა, მახსოვს ბევრი სიტყვა ”კამერაზე”, მერე კიდევ უფრო აღფრთოვანებით საუბრობდნენ ვიდეოს გამოგონებაზე, როცა ქორწილი რამოდენიმე დღის შემდეგ თავიდან ჩატარდა ”” ”ახალი ტექნიკის” მეშვეობით. მაშინ დედოფლებს სიძეები ’მიხაკებს’ ჩუქნიდნენ და პატარძლებსაც მთელი ქორწილის განმავლობაში მიხაკები ბავშვივით დაწვენილი ქონადთ ხელებზე. ბოტანიკური ბაღი და მით უფრო გონიოს ციხე რა თქმა უნდა მაშინაც იყო, სამაგიეროდ არ იყოს ბენზეს კულტურის ცენტრის შუშებიანი შენობა, მაგრამ იყო ეგრეთწოდებული უნივერმაღი, რომლის მიმდებარედ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალურ ობელისკთან ”ვეჩნათ” ენთო ცეცხლი და რატომღაც ნეფე პატარძალი მიდიოდნენ აღნიშნულ ობელისკთან და პატარძალი ისედაც მცირე რაოდენობის მიხაკებიდან ცოტაოდენს აკლებდა და ”ვეჩნი ოგონთან” აწყობდა. 
         კიდევ ათმანეთიანების ფერი მახსოვს და შეგრძნება, რომ ცოტა ბევრს წარმოადგენდა მისი ერთი ცალიც და ბოლოს და ბოლოს შეგეძლო საოცნებო ფერად ზოლტიანი პატარა თეთრ ქუსლიანი სასიარულოდ მეტად ხმაურიანი ”ქოშები” გეყიდა მახინჯაურის უნივერმაღში. 
          რადგან არ იყო ქობულეთთან დამაკავშირებელი გვირაბი, იყო მახინჯაურის ”პერევალები”, სადაც  არ დადიოდა თურქული ტრაილერები, მხოლოდ საბჭოთა მანქანები საბჭოთა ნომრებით, ამ გზაზე ჩემს ყურადღებას ორი რამ იქცევდა, სარკე რომელიც ეხლაც არის და ერთ ერთი სახლის აივანზე სტალინის ბიუსტი, რომელმაც არ ვიცი შეიცვალა თუ არა ადგილი. მომწონს ის ფაქტი რომ მაშინ გვირაბი არ იყო და იყო აღმართები და დაღმართები საიდანაც ჩანდა ყველაფერი მთავარი იყო მანქანაში ჩაჯდომისაც შენი გაგეტანა და ფანჯარასთან მოხვედრილიყავი. გვირაბიდან კი ვერაფერს დავინახავდი.
კიდევ ბევრი რამე იყო შთამბეჭდავი, მაგრამ კაფეებიდან ყველაზე მეტად დღევანდელი ”ლა ვიტას” კაფე იყო შიგნით ყველაზე ოქროსფერი და სარკეებიანი, მე ისე მომწონდა რომ ცხელი ნაყინი რომ არ ყოფილიყო ამ კაფეში, მაინც გავჩერდებოდი მთელ დღეს. (მაგის შემდეგ თბილი ნაყინი აღარ მიჭამია).
სადღაც საბჭოთა კავშირისა და 90 იანი წლების შუალედში გაჩნდა ხშირად გამოყენებადი სიტყვა ”კომისიონი” და ”კომისიონერი”. მასში უბრალო შემოსავლების ადამიანების შესვლას აზრი არ ქონდა, ყოველშემთხვევაში ასე მახსოვს.
         სერიოზული განცდა მქონდა აფხაზეთში მცხოვრებ ჩემს ტოლებზე, და ეს ბავშვური ნერვიულობა წარმოიშვა და აფხაზეთის ომმა ჩემემდე ასე მოაღწია, როცა რამეს დავაშავებდი ბებიაჩემი მეტყოდა აფხაზეთში ბავშვები ომში, სიცივეში, მშივრები ცხოვრობენ და მუდმივად შიშში არიან, ზოგიერთ მათგანს მშობლებიც დაეღუპათო. ამ ამბავს განვიცდდი შინაგანად, უთქმელად, სხვანაირად. 
        90 წლების დაწყებასთან არის დაკავშირებული ჩვენი სოფლისათვის ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სევდიანი ამბავიც, სოფელი დრო და დრო იცლებოდა ყველაზე ხალისიანი ეთნოსით, მართალია არცერთ მათგანს მკერდზე არ ეწერა ”ელადა”, მაგრამ თითქმის ერთი მეორის მიყოლებით ტოვებდნენ ბერძნული ოჯახები საქართველოს და ყოველი ოჯახის გამგზავრება სოფლისათვის იყო დიდი ტკივილი და გლოვა, მახსოვს როგორ ეფერებოდნენ ისინი თავიანთი სახლის კედლებს, კოცნიდნენ და ცრემლებით ავსებდნენ იმდენი წლის შრომით ამოყვანილ კედლებს რომლებიც სამუდამოდ უნდა მიეტოვებინათ.
       ვიღაც იტყვის კიდევ დაკარგული თაობა ვართ და ყველაზე რთულ პერიოდში მოგვიწია ცხოვრებაო, ამიტომაც ვერ მოვიწყეთ და არ გვაქვს დღეს ჩვენი კუთხეო. მე კიდევ ვფიქრობ რომ, სწორედ ცხოვრებას ლამპის შუქზე, ეგრეთ წოდებული ”დვიჟოკების” გაუთავებელ ხმაურს, მაშინ როცა 100 ოჯახში ნავთის ფული არა აქვთ, და ვიღაცის ერთი სახლიდან სოფლის გაჭირვებულ მყუდროებას არღვევეს სხვისი ფუფუნება. ”კერასინკაზე” დადგმულ სადილზე ლოდინს, შაქრისგან გაკეთებულ ”კარამელებს”, დიდი ხნის ნაოცნებარ და ახდენილ ოცნებებს თურქულ სათამაშო ”ცისარტყელაზე”, ”ჯინსის სარაფნებზე”, ბიჭების ფიქრს ”თმის ჟელეს” ეკონომიურ გამოყენებაზე, გახუნებული ესპადრელების ტარებას, დერმანტინის ტყავის ქურთუკებს და ტუფლებს, 5 000 მანეთის ქონას, რომელსაც სინამდვილეში ქონდა მაშინ დღევანდელი 5 ლარის ფასი, უფულო და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი კუპონების მფლობელი მილიონერი ადამიანების არსებობას, დაუსრულებელ ”საპნის ოპერებს”, უტრანსპორტობას, უკანონობას, უინტერნეტობას, უსილქნეტობას, პალსეკამის ტელევიზორებს, ჰიტაჩის ვიდეო აპარატურაში იგივე ”პრისტავკაში” შეგდებულ ნათხოვებ ”კასეტას” რომელიც გადახვევა გადმოხვევით აუცილებლად ჩაიხვევდა და მერე აზრი არ ქონდა პატრონისათვის ახსნას, იმიტომ რომ თითქოს უძვირფასეს საგანძურს წარმოადგენდა, კასეტა რომელზეც საშინელი გახმოვანებით იყო ჩაწერილი ”ბოევიკი”,  დაბრუნებამდე დარდით ღამის გათევას, უხარისხო მაგრამ საოცნებო საგნად ქცეული კოდაკის აპარატების ქონას და სხვაზე თხოვების ნერვიულობას, რუსული ესტრადის ვარსკვლავების პირველ ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტებს ბათუმში, ასეთ პირობებში და ხელმოცარულ ოჯახებში გამოვლილ თაობებს უფრო მეტი შანსი ქონდათ ეფიქრათ თუ რა არის რეალურად ცხოვრება და დღეს ყოფილიყვნენ წელ გამართულები. ჩემის აზრით ეს იყო დრო ყველაზე გრძელვადიანი ”ტრენინგებისა”, მიზნით : ადამიანების რეალისტებად ჩამოყალიბებისათვის.
         და მაინც მიუხედავად იმისა, რომ ნოსტალგია მჭირდება ხანდახან, რომ არ დამავიწყდეს წარსული, მაინც noსტალგია. იმიტომ რომ ფიქრს იმაზე რაც იყო და როგორც იყო, სჯობს დროის გამოყენება რა იქნება და როგორ იქნება, რა უნდა გააკეთო. რადგან წარსულში უფრო მეტი დრო გვაქვს დახარჯული ფიქრში ვიდრე მოქმედებაში, და რამდენსაც ხშირად იქნები ტკივილიან, მონატრებულ განწყობაზე იმდენჯერ დაიკარგები! 
       მენატრება მხოლოდ წარსული ადამიანები და დრო, რომელიც ისე დაიხარჯა უმეტესწილად, რომ ვერაფერს მოიგონებ, და თუ მოიგონებ აღმოჩნდება რომ მომავალში ფუჭად დაკარგავ დროს, წარსულის მოგონებებისათვის გადანაწილები.

ამიტომაც NOსტალგია!