пятница, 15 августа 2014 г.

ბავშვთა შრომა



     თემას, რასაც ვეხები გაგიკვირდებათ და ნაკლებად აჟიტირებულია მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროს ერთ ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რომლის გამოვლინებას სამწუხაროდ, ზაფხულის ერთ მზიან დღეს სამყაროს ერთ ძალიან პატარა ნაწილში, ხელვაჩაურშიც შევეჩეხე.    
   
     სამსახურში მისულს კართან არ დამხვდნენ ბავშვები, რომლებიც ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში არსებული კომპიუტერებით ყოვედღიურად სარგებლობდნენ. მათი ასაკი 10–14 წელია.  სამუშაო საათები უკვე სრულდებოდა, როცა რამოდენიმე მათგანი გამოჩნდა და მთხოვეს ნახევარი საათით დავრჩენილიყავი. რადგან იმ საღამოსვე 1 თვით თურქეთში თხილის საკრეფად მიდიოდნენ. მითხრეს, რომ ასეთი შრომით წინა წელსაც სასკოლოდ თანსაცმლის ფული გამოიმუშავეს, ზოგიერთმა მათგანმა კი ოჯახის რჩენაში შეიტანა წვლილი. მათ ბედზე დიდ ხანს ვფიქრობდი,  ვიფიქრე მე რის გაკეთება შემიძლია გარდა იმისა, რომ როცა დაბრუნდებიან ცენტრში ბავშვთა უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გავაკეთებ მეთქი.  

       გავიდა დღეები და სექტემბრის ერთ წვიმიან დილას  ერთ ერთი გოგონა მძიმე სამუშაოდან დაბრუნებული,  ახალგაზრდობის ცენტრში გამოჩნდა, ხელში საყურეები ეჭირა, რომელიც მომაწოდა და დიდი სიხარულით მამცნო რომ თურქეთიდან საჩუქრად ჩამომიტანა, თვალზე ცრემლი მომერია, გამოვართვი და გავიკეთე, მას მერე ხშირად ვატარებდი რადგან ეგრძნო, რომ მისი საჩუქარი ძალიან მომეწონა, ვამჩნევდი, რომ  თავადაც მაკვირდებოდა მეკეთა თუ არა.

    როცა საყურეების თემის გადახარშვა დავიწყე მას შევხედე  და ახლა კიდევ უფრო მძიმე რეალობა დავინახე, რეალობა რომელიც იდგა ჩემს წინ, ოთახის დახეულ ჩუსტებში ჩაცმული და წვიმისგან გაწუწული გოგონას სახით, მადლობა გადავუხადე საჩუქრისთვის და ვკითხე თუ რატომ არ ესწრება გაკვეთილებს? მიპასუხა, რომ ფეხსაცმელი არ აქვს და სკოლაშიც ამიტომ ვერ დადის.

          ახალგაზრდობის ცენტრის კიდევ ერთი წევრი 14 წლისაც არ იყო სოციალურმა პირობებმა თურქეთში წასვლა რომ აიძულა, ამბობს, რომ ოჯახში წინააღმდეგი იყვნენ თუმცა მშობლებმა მაინც დართეს წასვლის ნება „ბავშვობიდან“ მიეჩვევა შრომასო. ამბობს, რომ 13 წლის ბავშვის მუშაობა დილის 6 საათიდან საღამოს 7 საათამდე, საშუალოდ 30–35 გრადუს სიცხეში საშინელებაა. 13 წლის ასაკში 45  კილოგრამს იწონიდა ერთი თვის მანძილზე ყოვედღიურად კი  33 კილოგრამიან თხილის ტომრებსაც ეზიდებოდა. საუბარში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სხვა მის თანატოლებთან შედარებით გაუმართლა, რადგან დაბრუნებულს  მკურნალობა არ დაჭირდა.  
   
      ეს ორი ამბავი ზაფხულობით სოფლების დაცარიელების მიზეზი ხდება, სოფლის სიმხიარულე თურქეთში  ლუკმა პურის საშოვარზე მიდის.

      თუ თქვენ ამ ბავშვებთან შეხება არასდროს გქონიათ, დარწმუნებული ვარ ბათუმში პაპანაქება სიცხეში პლაჟზე გუგლგრილი არ დაუტოვებიხართ 8–10 წლის ბავშვებს, რომლებიც დაკოჟრილ და გაშავებულ კიდურებს ძლივს მიასლასებენ ზურგში აკიდული მაცივრებითა, თუ ორივე ხელითა და მუხლების დახმარებით მიათრევენ ცხელი სიმინდით სავსე  ვედროს და პირდაპირ ეჩეხებიან არათანაბარი პირობების სურათს.

       ზღვაზე 10 წუთის გასულმა აღმოვაჩინე 14 წლის ბიჭი, რომელიც 13 წლის იყო პირველად მისი საზაფხულო არდადეგები,  მძიმე ტვირთად რომ  იქცა. ამბობს 40 კილოა, მაცივარი, რომელსაც ზურგით ეზიდება დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე 25 კილოგრამს იწონის. რა უნდა მეთქვა? ვუთხარი, რომ ხშირად შეისვენოს.

      ასეთი ბავშვების მშობლებს განათლება, ბავშვებს კი  პირობები არა აქვთ იცხოვრონ ბავშვური ცხოვრებით. მათ არ იციან, რომ ბავშვის რთულ პირობებში შრომა დაუშვებელია, რომ ბავშვებს უფლებები აქვთ, რომელიც დაცული უნდა იყოს ფიქრობენ, რომ ბავშვები მათი საკუთრებაა და როგორც მშობლებს შეუძლიათ ისინი ყოველგვარი საქმიანობისთვის გამოყენონ.
 
      ასეთი ფაქტები ძირითადად არადემოკრატიულ ან ნაკლებად დმეოკრატიულ ქვეყნებში ხდება.
      უახლესს ისტორიაში არსებობს ერთი მეტად მძიმე და იმავდროულად სანიმუშო ისტორია რომელიც ეხება ბავშვს, რომელიც საქართველოსთან შედარებით არადემოკრატიულ  ქვეყანაში დაიბადა, მაგრამ მოახერხა შებრძოლებოდა ბავშვთა მძიმე შრომას.
       „ბავშვებს კალამი უნდა ეჭიროთ და არა სამუშაო იარაღი“, ამ სიტყვების ავტორი პაკისტანის მკვიდრი იქბალ მასიჰია, მისი ბედი არადემოკრატიული პაკისტანის ერთ ღარიბ ოჯახში დაბადებამ გადაწყვიტა. იგი 6 წლის ასაკიდან 12 წლამდე ფეშგის მსხვერპლი იყო. ფეშგი, იცით ამ სიტყვის მნიშვნელობა? პაკისტანში არსებობს ასეთი გამოთქმა „ვალის მონობა“, რაც გულისხმობს, ბავშვების მძიმე მუშაობით ვალების გადახდას, ან ოჯახის სიღარიბესთან ბავშვის შრომით შებრძოლებას.
        იქბალი 6 წლის ასაკში უკვე მაღალ დონეზე ფლობდა ხალიჩების ქსოვის ტექნიკას. იგი დედას მეორე ქორწინებიდან შეეძინა, მამა მრავალჯერ ნასამართლები იყო. 5 წლის იყო, როცა მამამ მეოთხე შვილზე ორსულ დედას ბავშვები წაართვა და პირველი ქორწინებიდან შეძენილ ასლანთან ერთად სახლიდან გააგდო. იქბალი მთელი დღე ცხვრებს მწყემსავდა, არავის აინტერესებდა სად ეძინა, რას ჭამდა, ავად იყო თუ წამალი სჭირდებოდა, დედა მის ბედს ძალიან განიცდიდა.
    გარკვეული პერიოდის შემდეგ იქბალი დედასთან დაბრუნდა, თუმცა სულ მალე დედას სასწარაფო ოპერაცია დასჭირდა, რომლისთვისაც თანხა არ ჰქონდა, ამ დროს  ხალიჩების მწარმოებელმა ერთერთი ქარხნის მეპატრონემ მას ფეშგი შესთავაზა. დედა განიკურნა, თუმცა სწორედ ამ დროს დაიწყო იქბალის მძიმე, ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელი შრომა.
     თავიდან მას ნხევარ რუპიას უხდიდნენ, მუშაობდა დღეში 15 საათს,  გადაღლილი ბავშვი გვიან ღამით, ბნელში ბრუნდებოდა სახლში და ჭამის ძალაც აღარ ჰქონდა შერჩენილი პირდაპირ დასაძინებლად მიდიოდა. ხშირად უფროსი მას და სხვა ბავშვებს სამუშაო დაზგას მიმაგრებულიც ამუშავებდა.
       იქბალი განიცდიდა სხვა ბავშვების ბედსაც. შემდეგ ის იხსენებს, რომ მას ტანჯავდა ბავშვების უმოწყალოდ ცემის ყურება. თამაშის ძლიერ  სურვილთან გამკვლავება. გადასახდელ თანხას, ძმის ქორწილისთვის აღებული ფეშგიც დაემატა და გაიაზრა, რომ შეუძლებელი იყო მხოლოდ მისი მუშაობით ვალის დაფარვა.
     სწორედ ამ დროს  პაკისტანის მონური შრომის წინააღმდეგ არსებულ ორგანიზაციას მიტინგი ჰქონდა დაგეგმილი, იქბალმა ამის შესახებ იცოდა. მან ყველა ღონე იხმარა, რომ გაპარულიყო სამუშაოდან და მიტინგს შეუერთდა, სადაც ორგანიზაციის ხელმძღვანელის ყურადღება მისმა შეშინებულმა სახემ მიიპყრო. ეხსან ულაჰმა მას ტრიბუნა დაუთმო, იქბალმა ყველაფერი მოუყვა მიტინგზე შეკრებილ ხალხს.
      მისმა ბუნებრივმა დემოკრატიულმა აზროვნებამ, თავისუფლების წყურვილმა, იხსნა იგი მძიმე შრომისგან და მისი პროტესტით  შეძლო 3 000 ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელი შრომისგან გათავისუფლება.

          იგი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. 
          დაიწყო სკოლაში სიარული.
      სამშობლოში დაბრუნებული ცხოვრობდა ბავშვური ცხოვრობით და სწავლას აგრძელებდა. მაგრამ, მოულოდნელად 1995 წლის 12 აპრილს 12 წლის ასაკში დილით იგი მოკლული იპოვეს. თავისუფლებისთვის ბრძოლა ტრაგიკულად დასრულდა, თუმცა მან დატოვა ძალიან დიდი მემკვიდრეობა, მისი საქციელით შთაგონებულმა კანადელმა ახალგაზრდებმა დაარსეს საქველმოქმედო ორგანიზაცია სახელწოდებით ”თავისუფლება ბავშვებს” და იქბალ მასიჰის ბავშვთა ფონდი,  რომელიც წამოწყებული იქნა პაკისტანის 20 სკოლაში. 2009 წლის იანვარში კი აშშ კონგრესმა დააწესა მისი სახელობის ჯილდო.
            
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ბავშთა შრომა ეს არის შრომა, რომელიც აზიანებს ბავშვს, მის კეთილდღეობას, განვითარებას და მომავალს, ზოგადად, ბავშვთა შრომა წყვეტს ბავშვებს თავიანთი ბავშვობიდან, ვნებს მათ პოტენციალს და ნაყოფიერებას.
      „ყველა ბავშვს აქვს უფლება, იცხოვროს ისეთ გარემოში, რომელიც აუცილებელია მისი განვითარებისთვის“ - ბავშვთა უფლებების კონვენციის ხელმომწერი საქართველოცაა. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია შრომის საერთაშორისო კონფერენციიაზე მიღებული #182 კონვენციისა, რაშიც საუბარია ნებისმიერი სახის სამუშაოსგან ბავშვების გათავისუფლებაზე.
         მაგრამ სტატისტიკა აღებული ვალდებულებების შესრულებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება: საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ბავშვთა შრომის კვლევის მიხედვით, საქართველოში 10,56 პროცენტი ასრულებს მათი ასაკისათვის შეუფერებელ სამუშაოს.       
         პაკისტანს არ აქვს აღებული ვალდებულება დაიცვას ბავშვთა უფლებები, საქართველო კი ამ კუთხით უკეთესს სიტუაციაშია.
         თუ რა შეუძლია აქტიურობასა და თავისუფლებისთის ბრძოლას იქბალის ისტორია ამის საუკეთესო მაგალითია.
   ალბათ კითხვა გაგიჩნდათ თუ რა შედარებაა ამ ისტორიებს შორის, ადვილია გამიჯნო – მონური და ნებაყოფლობითი ბავშვთა შრომა. იქბალი პაკისტანში არსებული წესებით იყო იძულებული ემუშავა, ქართველი ბავშვები კი ხშირად საკუთარ თავს აიძულებენ შრომას. მათ შორის პარალელი კი ის არის, რომ ისინი არ ცხოვრობენ ბავშვური ცხოვრებით, სიღარიბის გამო იძულებულნი არიან იშრომონ. ისინი განათლებას მოკლებული, უპასუხისმგებლო, მესაკუთრე მშობლებისა და გულგრილი  საზოგადოების მსხვერპლნი არიან.
ამასთანავე ვფიქრობ, რომ 21–ე საუკუნეში ბავშვთა შრომა იმიტომ არის შესაძლებელი, რომ ამ უბედურების შესახებ მსოფლიო არასათანადოდ არის ინფორმირებული. ამ პრობლემებთან საბრძოლველად საზოგადოების ინფორმირებულობა გადამწყვეტია.
     ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი, განათლებული მომავალი თაობა, ვფიქრობ, რომ ნამდვილ დემოკრატიას ქმნის  ბავშვებისა და მოზარდების აღზრდა დემოკრატიული აზროვნებით.   ამიტომაც, სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი ბავშვები უნდა იყოს, რომლებიც წლების შემდეგ საზოგადოებად ყალიბდება.       
     ჩვენ გამოვხატოთ პროტესტი. ჩვენ დავიცვათ ბავშვების უფლებები. ჩვენ მოვთხოვოთ სახელმწიფოს აღებული ვალდებულებების შერულება, კანონის აღსრულება.       
       თუ 10 წლის ბავშვმა შეძლო 3 000 ბავშვის გათავისუფლება, წარმოიდგინეთ ჩვენ რამდენს შევძლებთ თუ თითოეული ჩვენგანი  გავერთიანდებით ამ პრობლემის წინააღმდეგ.
      როგორ უნდა ვებრძოლოთ ბავშვთა შრომას? უპირველესად,  იდეურად უნდა შევეწინააღმდეგოთ ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელ მუშაობას, ასევე გასათვალისიწნებელია ის ფაქტი, რომ საქართველოში საჭიროა ჩატარდეს კვლევა ბავშვთა შრომის შესახებ, მედია საშუალებები აქტიურად უნდა აშუქებდნენ ბავშვთა შრომის ამსახველ ფაქტებს, შევქმნათ ჯგუფები, რომლებიც ბავშვებს აუხსნიან განათლების მნიშვნელობას და სწავლის ინტერესს გაუჩენენ. აუხსნიან, რომ განათლების გარეშე ცხოვრებას სიღარიბეში გაატარებენ.
    ჩემი ამ ერთი მოხსენებით მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება, მაგრამ ამ საკითხის წამოწევით მცირედით მაინც თუ გამოვფხიზლდებით.  უბრალოდ გვჭირდება რწმენა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ კუთხით ცვლილებების გატარებას.        
    თუ სადმე შეხვდებით ბავშვთა შრომის გამოვლინებას არ დავტოვოთ იგი გამოხმაურების გარეშე.
და ბოლოს მუდამ გვახსოვდეს, რომ  „მსოფლიო საშიში ადგილია არა მათ გამო ვინც ბოროტებას სჩადის, არამედ მათ გამო ვინც  დგას და არაფერს აკეთებს“.        

 გთხოვთ, ერთად დავამარცხოთ საზოაგადოებაში არსებული გულგრილობა, ამ წუთიდან ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, და ბავშვის შრომის საწინააღმდეგოდ მიმართული კამპანია აქ და ახლა ფეხზე წამოდგომით დავიწყოთ. 

Комментариев нет: